29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"ოცნებამ" შემოგვთავაზა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები - ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკება ოპოზიციამ ჩაშალა

"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა. 

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა წინადადება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებ ხმას, 2022 წელს ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა. 

"არის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პირდაპირ წერია, პოლიტიკური მართლმსაჯულების; მათ შორის, პროკურატურის; მთავარი პროკურორის არჩევის; საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების; სასამართლოს რეფორმირების საკითხი და ამას ხელს რომ კრავ და გადააგდებ მაგიდიდან იმ მოტივით, რომ გინდა თუ არა, ვადამდელი არჩევნები გინდა და პლებისციტი გინდა.

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი, თითქმის ნახევარი წელი გავიდა არჩევნებიდან, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი.

იქ იყო საკითხი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილების, საარჩევნო რეფორმის საკითხი და რაც იქ ეწერა, ყველაფერი ჩვენს კანონპროექტშია ასახული. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების საკითხი იყო, მაგრამ, იყო სურვილი, რომ ეს საკითხი ამ მოლაპარაკების მიღმა გასულიყო, მაგრამ რაღაც გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. იყო "ქართული ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები. ეს ყველაფერი გახდა მიუღებელი ოპოზიციისთვის. იყო მსჯელობა 45% თუ 40%, "ქართული ოცნების" კომპრომისი იყო, რომ 40%-ზე იყო თანახმა. წინადადებები დადო "ქართულმა ოცნებამ", რაღაცებზე უკან დაიხია, რაღაცებზე ამბობდა, რომ უკან არ დაიხევდა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან წინადადებები არ ყოფილა, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო,"-აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთამენთს აკისრებენ.

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში აწარმოებდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.

დღის ამბები