29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
გუშინ გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი გაცილებით უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე მანამდე იყო - სოზარ სუბარი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები არის რთული საკითხი, რაზეც მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. ხელისუფლებაში საუბრობენ იმაზეც, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას გამომდინარე იმ გზავნილებიდან, რომელიც  ბრიუსელში გაკეთდა.

მმართველ პარტიაში ასევე ადასტურებენ, რომ დღეს ნამდვილად გაგრძელდება დიალოგის პროცესი და რომ სწორედ მათი დამსახურებაა ეს, ვინაიდან მათ თავის დროზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ შეუწყვიტეს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება.

"ინტერესი იქნება უკვე, შეხვედრები გაგრძელდება. მე იმედი მაქვს, რომ კონსენსუსი შედგება, ყოველ შემთხვევაში გუშინ ნამდვილად გამოჩნდა ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან, რომ ისინი გაცილებით უფრო კონსტრუქციულები არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ. ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი.

სხვათაშორის ის, რომ თავის დროზე მანდატები არ შევუწყვიტეთ, იყო სწორედ კონსტრუქციულობის ძალიან მკაფიო მაგალითი. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არ იქნებოდა არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება და ვერანაირი ევროკავშირის შუამავლობა ვერ შედგებოდა. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულება იყო ეს, რომ თავის დროზე მანდატები არ შევუწყვიტეთ და ღია დავტოვეთ კარი მოლაპარაკებებისთვის," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან იმაში, რომ პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია იყოს, თუმცა ეს პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია პარლამენტში გაგრძელდეს.

"მოლაპარაკებებს ნამდვილად აქვს პერსპექტივა. რაც შეეხება იმას, რომ თავად წარადგენენ თავიანთ წინადადებას ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ეს გამომდინარეობს სწორედაც იქიდან, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს შეთანხმების რესურსი და რეალური პოლიტიკური სიტუაცია. შინაარსში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ საერთო ფონი ნამდვილად არის ისეთი, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე ყველა თანმიმდევრულად აღიარებს, რომ ეს არის ლეგიტიმური, იქ ბუნებრივად და ლოგიკურად ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ეს არჩევნები. გამომდინარე აქედან დაახლოებით, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას შეუძლია წარმოიდგინოს როგორი ტიპის შეთანხმება შეიძლება შედგეს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან იმაში, რომ იყოს პოლიტიკური სტაბილური სიტუაცია, მაგრამ ეს იყოს საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, კრისტიან დენიოლსონის მოულოდნელად გახანგრძლივებული ვიზიტი თბილისში ისევ გრძელდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დღეს დილიდან ისევ სამუშაო ადგილზეა. შვედი დიპლომატი ევროკავშირის ოფისში ელოდება პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე 5 თვეა შეთანხმებამდე ვერ მიდიან.

დღის ამბები