მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია გრძელდება, ბლუმბერგის მონაცემებით, Covid-19-ის წინააღმდეგ 392 მილიონი ვაქცინის დოზაა გამოყენებული.
128 ქვეყანას შორის, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, იმუნიზირებული მოქალაქეების რაოდენობით აშშ ლიდერობს, ვაქცინა 111 მილიონმა ადგილობრივმა გაიკეთა, შეერთებული შტატების შემდეგ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს.
ბლუმბერგის სტატისტიკური მთვლელის მონაცემებით, ყოველდღიურად მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანს უკეთდება ვაქცინა.
პარალელურად, ამერიკულმა კომპანია Moderna-მ თავისი ვაქცინის კლინიკური გამოცდა 12 წლამდე ბავშვებზე დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება.
ბავშვებს ვაქცინის 2 დოზას 28-დღიანი შუალედით გაუკეთებენ. შემდეგ კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალისტები 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.
ვაქცინაციის მიუხედავად, მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მზარდია, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ეპიდემიის მესამე ტალღას შეადარა.
ბრაზილიაში კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Covid-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ს 2841 ადამიანი ემსხვერპლა.