29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ბავშვებსა და ორსულებში ვაქცინაციისაგან თავს ვიკავებთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, რაც, დაახლოებით, 1 700 000 ადამიანია.

მისივე ინფორმაციით, კლინიკური კვლევები არ არსებობს ბავშვებთან და ორსულებთან მიმართებით, ამიტომ ისინი ამ ეტაპზე აცრას არ ექვემდებარებიან. 

"ვაქცინაციასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე, სასიხარულო თუ სამწუხარო მიზეზით. ჩვენ რომ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის, სულ მცირე, 60%, რადგან არცერთი ვაქცინა ჯერ არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. არის ერთი გამონაკლისი, რომელიც 16 წლიდან გამოიყენება.

იცრება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობა. ასევე, ჯერჯერობით არ არის კლინიკური კვლევები ორსულებშიც, ამიტომ, ამ ორ ჯგუფზე - ბავშვებზე და ორსულებზე თავს ვიკავებთ აცრებისგან.

მოზრდილი მოსახლეობა საქართველოში არის დაახლოებით, 3.8 მილიონი და მისი 60% არის, დაახლოებით, 1 700 000 ადამიანი. თუ ამდენი ადამიანი წელს ავცერით, ნამდვილად ვიტყვით, რომ ქვეყანაში ეპიდემიას დავამარცხებთ,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები