29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
მინდა ყველა ჩემი კოლეგა იყოს ვაქცინაციის ავანგარდში, იმ ჩემი კოლეგების ხსოვნის საპატივცემულოდ, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას - პაატა იმნაძე

ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ჩამოსული "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაიკეთა პაატა იმნაძეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის აცრა საჯაროდ კამერების წინ ჩატარდა. პროცედურის დასრულების შემდეგ იმნაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა და დღევანდელ დღეს პანდემიის დასრულების დასაწყისი უწოდა.

მან "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და მედიკოსებს აცრის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ეს ვაქცინები არის კოვიდისგან დასაცავად, სხვა დაავადებისგან ვერ იცავს, შესაბამისად, როდესაც ასეულ მილიონობით ადამიანი აიცრება, სამწუხაროდ ვიღაცას რაღაცა მოუვა და ამისი დაკავშირება ვაქცინასთან უბრალოდ შეუძლებელია.

მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარია ვაქცინაციის დასრულება. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ყველა ჩემი კოლეგა იყოს ამ საქმის ავანგარდში, იგივე იმ ჩემი კოლეგების ხსოვნის საპატივცემულოდ, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას,"- განაცხადა პაატა იმნაძე.

დღესვე აიცრა ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი თამარ გიორგაძეც, რომელიც ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე პირველი იყო დარეგისტრირებული. მანაც კოლეგებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები