29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ვერ დარჩება დიდი ხნით მძევლად - ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს დიალოგისკენ მოუწოდებენ 

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროდეპუტატებმა პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ დებატებზე განიხილეს. ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს დაძაბულობის განმუხტვისთვის დიალოგისკენ მოუწოდებენ და დადებითად აფასებენ შარლ მიშელის მიერ საქართველოში პირადი წარმომადგენლის -კრისტიან დანიელსონის დანიშვნას. დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაცია შედეგს გამოიღებს. განხილვისას ერთ-ერთი თემა იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობაც:

"მინდა აქ გაჟღერებულ სიტყვებს გამოვეხმაურო ნიკა მელიას საქმეზე, თითქოს მისი დაპატიმრების დროს ევროკავშირი დუმდა. ეს ასე არ იყო, 10 თებერვლის შემდეგ, როცა ნიკა მელია დააკავეს და პრემიერი გახარია გადადგა, ჩვენ გვქონდა მკაფიო მოწოდებები, როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობისადმი, რომ მოქცეულიყვნენ თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმისათვის, რომ აეცილებინათ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. ვფიქრობ შარლ მიშელის მედიაცია შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხზე საარჩევნო რეფორმაზე, სასმართლო რეფორმაზე, ძალების განაწილებაზე პარლამენტში და ყველაზე რთულ საკითხზე - ვადამდელ არჩევნებზე ან შესაძლო პლებისციტზე. ეს ყველაფერი განხილული იქნება, ვიმედოვნებ ეს გადაჭრის პოლიტიკურ კრიზისს," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელ ფონტელიმ.

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, ამჟამად გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე გასული წელს 8 მარტის შეთანხმების მიღწევისას იყო:

"8 მარტის შეთანხმება ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა. ეს კი რამდენიმე თვიანი არეულობის შემდეგ იყო. ახლა გაცილებით უარესი ვითარება გვაქვს. გასულ წელს საქართველომ შეძლო პოლიტიკური კრიზისისთვის თავი დაეღწია და განეხორციელებინა საარჩევნო რეფორმა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება ისევ. საქართველოს შეუძლია გაგვიზიაროს საარჩევნო და სასამართლოს რეფორმები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ბატონი რურუა, რომელსაც შეთანხმების მიხედვით ციხე უნდა დაეტოვებინა. ასევე ბატონი მელია. მივცეთ მოქალაქეებს უფლება თავად გადაწყვიტონ თუ მათ ვინ წარმოადგენს. ბატონმა მიშელმა რაც დაიწყო ეს დიდი და პირველი ნაბიჯია. მოდით ვნახოთ ეს რას მოიტანს,"- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტის წევრი რიო ტერასი ამბობს, რომ რთულია მოლაპარაკებები, როდესაც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი პარტიის ლიდერი დაკავებულია:

"ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ტოლერანტული მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევის და მისი ლიდერის დაპატიმრების მიმართ. როგორ შეგვიძლია მოველოდეთ ოპოზიციისგან მოლაპარაკებებს, თუ კი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი პარტიის ლიდერი დაკავებულია," - აცხადებს რიო ტერასი.

რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისის გაღრმავებით, მხოლოდ ოკუპანტი ქვეყანა იზეიმებს:

"დღეს საქართველოზე კითხვა უფრო მეტი მაქვს ვიდრე პასუხი. აქამდე ნათელი იყო რომ საქართველო იყო ლიდერი რეფორმების მიმართულებით. მაგრამ ახალა ვხედავთ რომ ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური პასუხისმგებლობის კრიზისში იმყოფება. დე ფაქტო მმართველი "ქართული ოცნების" პარტიის მხრიდან ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულებისადმი ეჭვები ყოველთვის მქონდა, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში ვერავის ვხედავ, ვინც ქვეყნის მომავლისთვის პასუხისმგებლობას აიღებს. შარლ მიშელმა საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა, თუ ამას უპასუხოდ დატოვებენ, ამით მხოლოდ ერთი ქვეყანა იზეიმებს და ეს ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებული აქვს. ძვირფასო ქართველებო, ვერავინ იქნება იმაზე მეტი ქართველი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვიდრე თავად თქვენ ხართ. გისურვებთ პოლიტიკურ გამბედაობას პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის, ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის," - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარი პეტრეს აუსტრევიჩუსი ხაზს უსვამს იმას, რომ არ უნდა მოხდეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული გეგმის პუნქტების ინტერპრეტაცია:

არსებული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში წარმოადგენს სისტემური პოლიტიკური კრიზისის ილუსტრაციას. ეს აფერხებს პოლიტიკურ კონსოლიდაციას. თუმცა არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ფართო სია პოლიტიკის მიმართულებით. საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ვერ დარჩება დიდი ხნით მძევლად, მაშინ როცა მოსახლეობა მოითხოვს პროევროპული ამბიციების განხორციელებას. მივესალმები ბატონი მიშელის თბილისში ვიზიტს და მის პირად ძალისხმევას პოლიტიკურ დიალოგში ჩართვის. კონფლიქტის მხარემ არ უნდა მოახდინოს ინტერპრეტაცია 6 პუნქტიანი გეგმის, მათ შორის შესაძლო ვადამდელი არჩვენების დანიშვნის შესახებ. ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა არის პროცესში ჩართულობა, კომპრომისი, საერთო პატივისცემა და შეთანხმების მიღწევა,"- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის მიაჩნია, რომ კრიზისის პირობებში მოქალაქეები ნდობას კარგავენ დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში

"საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაცია ქვეყანაში კონსოლიდაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოქალაქეები ნდობას კარგავენ დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. ჩვენს ინტერესებშია წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში. კარგია, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გვაქვს დღის წესრიგი და შეხვედრები. შარლ მიშელმა მოახერხა, მაგიდასთან ყველა მხარე შეეკრიბა.ჩვენ უკვე გამოვყავით საკითხები სადაც გვჭირდება, რომ ყველა მხარემ წინ გადადგას ნაბიჯი და დაახლოვდეს. ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე საერთო გზაზე, რომელიც ევროპისკენ მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის დანიშვნით და ასევე ჩვენი ელჩის თბილისში კარლ ჰარცელის სახით ადგილზე გვყავს საოცნებო გუნდი, რომელიც ცხადად წარმოაჩენს, რომ ევროკავშირს სურს კონსოლიდაცია და საქართველოს დახმარება," - განაცხადა მიხაილ გალერიმ.

დღის ამბები