ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ოპრა უინფრის ინტერვიუ პრინც ჰარისთან და მის ცოლთან, მეგან მარკლთან სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა - სკანდალურ ინტერვიუს, დაანონსების შემდეგ, მსოფლიო მედია მოუთმენლად ელოდა.
ინტერვიუში მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მძიმე ბრალდებები წაუყენა - მათ შორის, რასიზმი. მეგანის მამა თეთრკანიანია, დედა კი - შავკანიანი, ამიტომ, ის ამბობს, რომ მისი და ჰარის შვილის კანის ფერი სასახლეს აშფოთებდა.
მეგან მარკლი, რომელიც 2018 წელს ბრიტანეთის პრინცზე დაქორწინდა, ამბობს, რომ მისი ცხოვრება ლონდონში ძალიან რთული იყო და სუიციდურ ფიქრებამდეც მივიდა იმის გამო, რომ დახმარება ვერავისგან მიიღო.
სასექსის ჰერცოგინიას თქმით, მის შვილს, არჩის, რომელიც ახლა 1 წლის არის, პრინცის ტიტულის მინიჭებაზე უარი უთხრეს, რადგან მეგანის ორსულობის დროს ფიქრობდნენ, რომ ბავშვის კანის ფერი, შესაძლოა, მუქი ყოფილიყო.
მეგანმა არ დაასახელა კონკრეტული პირი, ვინც არჩის კანის ფერთან დაკავშირებით იყო შეშფოთებული. პრინცმა ჰარიმ კი ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ოჯახმა მათ დაფინანსება შეუწყვიტა, მამა, პრინცი ჩარლზი კი მის ზარებს აღარ პასუხობს.
"აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან ნათელი, ძალიან რეალური და საშიში, მუდმივი ფიქრი," - ამბობს მეგანი.
წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა წყვილი რამეს, მეგანმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთ რამეს - "მე მათ დავუჯერე, რომ დამიცავდნენ". თუმცა სასექსის ჰერცოგინია ამბობს, რომ ამბავს კეთილი დასასრული ჰქონდა და ჰარიმ მისი ცოლის სიცოცხლისა და ოჯახის გადარჩენა შეძლო.