29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ესე იგი კარგი ყოფილა - გიორგი ვაშაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი არ ეთანხმება და "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს პოზიციაში ჩამოყალიბდეს:

"სტრატეგია აღმაშენებლის" გეგმები ვერ შეიცვლება ვერც ერთ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", თვითონ შეუძლია ჩამოყალიბდეს, ცვლის თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ესე იგი, კარგი ყოფილა, ეს ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ. ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გადაწყვეტილებებისთვის. მთავარი ჩვენთვის არის, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმზე უნდა შევთანხმდეთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ელენე ხოშტარიას თქმით, პლებისციტი ოპოზიციის შეჯერებული პოზიციაა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს:

"ამ მოლაპარაკებებში არის თუ არა პლებისციტი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, კი არის, ოღონდ მე ამას ვემხრობი, თუ არ ვემხრობი, ამაზე კი არ არის საუბარი, ეს არის საერთო შეჯერებული პოზიცია ოპოზიციის, რომელიც შეჯერდა მეოთხე რაუნდის შემდეგ, ამაზე აბსოლუტურად ყველა შეჯერდა, როგორც კომპრომისზე. თავის დროზე მე არ ვიყავი ამის დიდი მომწონებელი, მაგრამ რადგან ერთიან პოზიციად ჩამოყალიბდა, ეს ნამდვილად არის გზა რიგგარეშე არჩევნებამდე,  დანარჩენზე სპეკულაციაა საუბარი, იმიტომ, რომ საერთოდ არ დამჯდარა მოლაპარაკებებზე ოცნება," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები