29 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს უახლოეს მომავალში პატიმრობიდან გაათავისუფლოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია:

"დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომები. ამიტომ, უახლოესი კვირების, დღეების განმავლობაში ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს მეგობრებო და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაცია, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, ქვეყანა მართლა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი.

ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა ციხიდან, ის მიიღებს ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მართლაც იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და მისი შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. მხოლოდ ნიკა ან ნებისმიერი ჩვენგანი ვერაფერს შეძლებს, თუ ყველანი არ ვიყავით ძალიან აქტიურები. გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, რადგან არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

დღის ამბები