29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს იწყებს - პრემიერი

მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტს ყოველთვის მხარს უჭერდა.

"ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე გამოუცხადა სრული მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის, ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, ასევე გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს.

გარდა ამისა, დამატებით საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით. იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება.

ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში," - აღნიშნა პრემიერმა. 

დღის ამბები