29 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
გორში ენმ-ის ოფისის დაზიანების ფაქტზე შსს-მ მეოთხე პირი დააკავა 

პოლიციამ გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამ დროისთვის სულ 4 ადამიანია დაკავებული. 

პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტიის ოფისის მინები დააზიანეს.

ჯერჯერობით დანაშაულის მოტივზე, ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ფაქტი უკავშირდება მათ აქტიურობას უკვე გამართულ და დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ თავდასხმის ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა.

"2012 წლიდან დღემდე ეს უკვე მე-6 ფაქტია შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის დარბევის. მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში, მაგრამ დღემდე არავინ არ არის დასჯილი. პირიქით, ეს ადამიანები წაახალისეს, სხვადასხვა აიპებში ჰყავთ გაფორმებული. გუშინაც ანალოგიური ფაქტი მოხდა და ეს ჯგუფი, სადაც კარგად ჩანს რომ 6-7 ადამიანი იღებდა მონაწილეობას," - ამბობს ბადრი ბასიშვილი.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნანა ლოთიშვილი ამბობს, რომ მსგავსი სახის დანაშაული "ქართული ოცნების" მხრიდან არის წახალისებული.

"ეს არის ქართული ოცნების მიერ წახალისებული ქმედება. ბატონი პრემიერ მინისტრი საკანომდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ახალისებს დანაშაულს მთავარი ოპოზიციური ძალის მიმართ. რა თქმა უნდა, მათი და მათი ჯგუფების მიერ არის წახალისებული ეს ქმედება," - ამბობს ნანა ლოთიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდის ბებია "ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კავშირს გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მის შვილიშვილს და თანმხლებ პირებს დანაშაულისკენ სხვამ უბიძგა.

დღის ამბები