29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
მოძველებული სადენები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა - რამდენიმე თვეა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება​

მოძველებული სადენები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა აფხაზეთში არავის აკვირვებს, მაგრამ ბოლო პერიოდში წარმოშობილ ენერგოკრიზისზე უკვე არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებიც საუბრობენ. მიზეზი კრიპტოვალუტა და მისი უკანონოდ მოპოვების გზებია. ზარალდება მოსახლეობა. ხალხში არსებული უკმაყოფილების მუხტის ჩახშობას კი ე.წ. ხელისუფლება მაინინგის ფერმების წინააღმდეგ კანონის გამკაცრებით გეგმავს.

ყურადღების მოდუნებაში და კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაში მოსახლეობა ე.წ. ხელისუფლებას, "ხელისუფლება" კი ენერგეტიკოსებს ადანაშაულებს. სპეციალისტები კი, წლებია ინფრასტრუქტურის გასაახლებლად დაფინანსებას ითხოვენ.

დამნაშავის ვინაობა ქართველი ენერგეტიკოსებისთვის უცნობია, მაგრამ დანაშაულის მასშტაბები მათი თქმით, საკმაოდ დიდია. შედარებისთვის 2020 წელს "თელასმა" მოიხმარა 2 მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია. თითქმის ანალოგიურია ოკუპირებული ტერიტორიის მაჩვენებელი. ეს იმ პირობებში, როდესაც თელასის აბონენტების რაოდენობა აფხაზეთისას 7-ჯერ აღემატება. სპეციალისტების თქმით, მიზეზი მოუწესრიგებელი ენერგოსისტემაგამრიცხველიანობის არარსებობაა, რაც იდეალური პირობაა მაინინგის ფერმებისათვის.

შემქნილი სიტუაცია ხელსაყრელია კრემლისთვის და მისი ანექსიური პოლიტიკისთვის - ეს ქართველი ანალიტიკოსების პოზიციაა. პირველი მიზეზი - აფხაზეთის ენერგოსისტემის ხელში ჩაგდების სურვილია. მეორე - გაცილებით მასშტაბურია. ოკუპანტი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიისგან უკვე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების ნებართვის გაცემას. ამის შემდეგ ტერიტორიების მითვისებას რუსეთი გაცილებით მარტივად შეძლებს. მიზნის მისაღწევად კი ენერგოკრიზისის საკითხით მანიპულირება ხელსაყრელი სცენარია.

დღის ამბები