რამდენიმე საათში ქვეყანა რეგულაციების შემსუბუქების პირველ ეტაპზე გადავა. ხვალიდან იხსნება მაღაზიები და დიდი სავაჭრო ცენტრები. ქვეყნის 5 ქალაქში მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში იწყება.
ბათუმში იხსნება რესტორნების გარე სივრცეებიც. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით რთულია, ამ შეზღუდვების ნაწილი ამ ეტაპზე ძალაში დარჩება.
სავაჭრო ცენტრის კარიდან, მაღაზიების შიდა სივრცეების ჩათვლით, მომხმარებლებს პროცედურების გავლა მოუწევთ იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი სტანდარტები დაცული იყოს. პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და რიგების კონტროლი ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ამ მოთხოვნების შესრულებას მათ სპეციალურად დამონტაჟებული კონსტრუქციებიც გაუმარტივებს.
ხვალიდან საქართველოში, რეკომენდაციების დაცვით, რეგულარული ფრენებიც აღდგება. მუშაობას განაახლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ძირითადი სერვისებიც.
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, განახლდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. აღდგება იარაღის რეგისტრაციის სერვისი.
რაც შეეხება მართვის მოწმობებს, დასაშვები ხდება პრაქტიკული გამოცდის გავლა მათთვის, ვისაც თეორიული გამოცდის ეტაპი უკვე გავლილი აქვს. თეორიულ გამოცდაზე გასვლა კვლავ შეზღუდული რჩება. ხვალიდან ცვლილება ეხება პენიტენციურ დაწესებულებებსაც. პატიმრებთან დასაშვები ხდება ხანმოკლე პაემნები, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად შეზღუდული იყო.