29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
მოსკოვში ნავალნის ცოლი დააკავეს - აქციებზე სულ 2000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებია. მოთხოვნა ნავალნის და მისი მხარდამჭერების გათავისუფლებაა.

ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი. ძმის დაკავების შემდეგ, მოსკოვში, ამჯერად, ნავალნის ცოლი დააპატიმრეს. მოქმედებს საგანგებო ზომები. დახურულია მეტროს 7 სადგური. შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი.

იულია ნავალნაია სამართალდამცველებმა მსვლელობის დროს აიყვანეს. ოპოზიციონერის მეუღლისთვის არ განუმარტავთ, თუ რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. ჯერჯერობით, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არც ძალოვანი უწყება ავრცელებს. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციას მოთხოვა, ნავალნაიასთან ერთად ისინიც დაეკავებინათ. თუმცა, ბუნებრივია, ეს თხოვნა იგნორირებული იყო.

ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში სამართალდამცველების მხრიდან შევიწროვების ფონზე გრძელდება. უკანასკნელი ინფორმაციით, დაკავებულია 2500-მდე დემონსტრანტი. სანკტ-პეტერბურგში პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა. მომიტინგეებს ხელკეტებით სცემეს. რამდენიმე შემთხვევაში ძალოვნებმა ელექტროშოკერიც კი გამოიყენეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქალაქეების განწყობაზე ამან გავლენა ვერ იქონია.

რუსეთში მიმდინარე აქციებს და პოლიციის ზღვარგადასულ ქმედებებს უკვე მოჰყვა დასავლეთის რეაქცია. მოსკოვს ვაშინგტონი აკრიტიკებს. ტვიტერის მიკრობლოგზე განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ენტონი ბლინკენი გმობს ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ.

ქვეყნის მასშტაბით აქციები 23 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ რაც რუსეთში დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით გასულ შაბათ-კვირას 400 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. პროტესტი 110 ქალაქში გამოხატეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის უახლეს ისტორიაში. რეკორდი დაკავებების კუთხით მოხსნეს პოლიციელებმაც. აქციებზე 4000-მდე პირი აიყვანეს.

დღის ამბები