"პუტინი - ქურდია" "თავისუფლება ნავალნის" - ამ შეძახილებით საპროტესტო აქციები რუსეთის ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს. როგორც რუსული მედია იტყობინება, დემონსტრანტების რაოდენობა, გასულ კვირასთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ აქციისთვის მზადება ხელისუფლებამ გაცილებით ადრე ე.წ "პრევენციული დაპატიმრებებით" დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია 500-მდე ადამიანი. გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები და ამისთვის იყენებენ, როგორც პოლიციის მძიმე ტექნიკას, ისე დასუფთავების მანქანებს.
ბარებს, რესტორნებს, მაღაზიებს საღამოს 7 საათამდე მუშაობის შეჩერების რეკომენდაცია აქვთ, ვინაიდან ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს. ამასთან, სრულად დახურულია მეტროს 7 სადგური. აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა.
ნავალნის მხარდამჭერი აქციების პარალელურად, დღეს დილიდან ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერის გუნდს ნოვგოროდში, მისი შტაბის ხელმძღვანელი ტოვებს. პირველი ვიდეოგანცხადების გავრცელებიდან მალევე, რომან ტრეგუბოვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ვიდეოს ჩაწერა აიძულეს. ამას ადასტურებენ მისი ადვოკატებიც და ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის 110 ქალაქში აქციები გასულ შაბათ-კვირას გაიმართა. დემონსტრანტების რაოდენობამ 400 000-სს გადააჭარბა. აქციები სამართალდამცველებმა ძალისმიერი მეთოდით დაშალეს. დაკავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი. მიმდინარე კვირას სამართალდამცველებმა სხვადასხვა ბრალდებით ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ოპოზიციონერის ძმაც დააკავეს.