სენაკის რაიონში გუშინ დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ერთ-ერთი მათგანი რჩება სენაკის "არქიმედეს" კლინიკაში, მეორე კი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საუბარია გუშინ საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტახნით ადრე ფაქტზე, რა დროსაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სანადირო თოფიდან მეზობელი ახალგაზრდა მამაკაცის მიმართულებით გაისროლა და მამაკაცი დაჭრა.
ადგილობრივების თქმით, მათი გაშველების დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის არის დაკავებულის ძმაც.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ადგილობრივებს ამაზე საუბარი უჭირთ, თუმცა გამოძიების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ამოღებულია იარაღი.