29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია

სატვირთო ავტომობილების მძღოლები რამდენიმე დღეა ჟინვალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. მძღოლები ამინდის გაუმჯობესებასა და გადაადგილების უფლებას ელოდებიან.

გზის გახსნას დილიდან უშედეგოდ ელოდებოდნენ ტურისტებიც. ადამიანებს, რომლებსაც ყაზბეგში და სტეფანწმინდაში ჩასვლა სურდათ, უკან დაბრუნება მოუწიათ.

გზებზე ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვიდრე ზვავსაშიშროების საფრთხე არ მოიხსნება, გზა ჩაკეტილი დარჩება.

სავარაუდოდ გზის გახსნა გაჭიანურდება, მეტეოროლოგების პროგნოზით გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარია ისევ მოსალოდნელი. გზის გაწმენდითი სამუშაოები კი ადგილზე მხოლოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.

გუდაურის გარდა, დღეს, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო ნაქერალას უღელტეხილზეც. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იქ უკვე თავისუფალია.

დღის ამბები