29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
დაუმორჩილებლობის აქცია - სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები მთავრობას დროს პირველ თებერვლამდე აძლევენ

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ, ისინი ხელისუფლებისგან შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ და მთავრობას მოსაფიქრებლად ვადას პირველ თებერვლამდე აძლევენ. რესტორატორებმა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა მორიგი საპროტესტო შეკრება დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

კონკრეტული ბიზნესოპერატორები აცხადებენ, რომ თუ 1 თებერვლამდე ბიზნესი არ გაიხსნება, მუშაობას თვითნებურად განაახლებენ. 

მოძრაობის ”ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე აცხადებს, რომ ქვეყანა გახსნისთვის უკვე მზად არის.

"ქვეყანა მზად არის გახსნისთვის, მზად არის იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც მოსდევს ამ გახსნას. დღეს ყველაფერი არის ფაქტობრივად მკვდარი,"- აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლევან სამუშია აცხადებს, რომ მთავრობამ ქვეყანა ისე უნდა მართოს, როგორც ეს ცივილურ დასავლურ ქვეყნებში ხდება.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ორშაბათს მთავრობისგან ელოდებიან პასუხს, სადაც ქვეყნის გახსნის გეგმას წარადგენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და ბიზნესს მაინც აამუშავებენ.

დღის ამბები