29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება - იაგო ხვიჩია 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერებს პარლამენტში მომავალ კვირას ვიხილავთ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დეპუტატის უფლებამოსილების მიღებაზე, "ქართულ ოცნებასთან" მიღწეული შეთანხმების შემდეგ, თანხმობა განაცხადეს.

შესაძლოა თუ არა ამავე ფორმატში მოლაპარაკებების დაწყებას "გირჩიც" დათანხმდეს - ამაზე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 2 თებერვლამდე მისი პარლამენტში შესვლა გამორიცხულია. იაგო ხვიჩიას თქმითვე, მისი ამოცანაა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, ვისაც მანდატი აქვს პარლამენტში შევიდეს. 

"გამორიცხულია 2 თებერვლამდე იაგო ხვიჩია პარლამენტში შევიდეს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ. მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს მას ვთხოვე, რომ ჩააგდონ ოპოზიციაში განცხადებების განხილვა, რადგანაც დისკუსიები იმაზე თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. შესაბამისად, ჯერ ცოტა დროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთელი ამ პროცესიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს. მე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის წევრებს კვლავ მოუწოდებენ, რომლებსაც მანდატები აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. 

"შეთანხმებით, რომელიც უკვე ღიაა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს საშუალება კონკრეტულად საარჩევნო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვთქვით, რომ 2 თვის განმავლობაში იქნება ცვლილებები საარჩევნო რეფორმების კუთხით. ამასთან, რა თქმა უნდა, კარგია, რომ 2 პოლიტიკური პარტია, რომელიც აპირებს გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა, მიიღებს ამ ცვლილებებში მონაწილეობას. მე მოვუწოდებ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. 

არის პოზიციები, რომ თუ უფლებამოსილების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვს პარლამენტარი, უნდა შეუწყდეს. არსებობს ეს პოზიცია, თუმცა მანამდე ჩვენ მსჯელობები გვექნება,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, მე-10 მოწვევის პარლამენტში საკუთარ სავარძლებს მომავალი კვირიდან დაიკავებენ. ოპოზიცური უმრავლესობა კი ბოიკოტს არ წყვეტს. 

 

დღის ამბები