არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ მაღალჩინოსნებს შორის, ვის დავალებებსაც პროკურატურის ვერსიით, ასრულებდნენ საზღვრის დამდგენი კომისიის ბრალდებული წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
ამ თემასთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენელს პასუხის გაცემა "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია.
საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის თქმით, მოქმედი, ან ყოფილი თანამდებობა ინდულგენცია არ არის, თუმცა, მას მაღალი თანამდებობის პირების ვინაობა არ დაუკონკრეტებია:
"მოქმედი ან ყოფილი თანამდებობა, მაღალი ჩინი, არ არის არც ინდულგენცია და არც შემაფერხებელი კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის. გამოძიება გრძელდება, ინტენსიურად განიხილავს ვერსიებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირთან მიმართებით გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის ჩადენა და ეს დადასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარე არ იქნება შეზღუდული არც მოქმედი, არც ყოფილი თანამდებობით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან მიმართებით," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.