29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
პანდემიის დამარცხება ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია - თენგიზ ცერცვაძე იმუნიზაციის საჭიროებაზე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ეპიდემიისა და პანდემიის დამარცხება ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური გახსნა ჩქარა მოხდეს, მოსახლეობის 60%-65%-იანი ვაქცინაცია უნდა მოხდეს. მისივე თქმით, მოსახლეობის 15% უკვე კოვიდგადატანილია, რაც თითქმის, ვაქცინაციის ტოლფასია და ჯამში, მოსახლეობის 80% იმუნური ფენა იქნება.

"სერიოზული ეპიდემიისა და პანდემიის დამარცხება შეუძლებელია ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე. მართალია მარტო ვაქცინაციაც არ არის საკმარისი, უნდა იყოს ეფექტური მედიკამენტიც, რომელიც უკვე დაავადებულებს განკურნავს, მაგრამ მაინც ვაქცინაცია არის მთავარი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩქარა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ჩქარა გაიხსნას ბიზნესი, ეკონომიკა, მიმოსვლა, რესტორნები, ზამთრის კურორტები, ფრენები, ყველაფერი, ამის გზა პირდაპირ გადის ვაქცინაციაზე, აი ამას უკვე სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ.

იქნება ეფექტიანი ვაქცინაცია და საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის იქნება აცრილი? ჩვენ აღარ დაგვჭირდება არც საპროტესტო გამოსვლები, არც რაღაც მოთხოვნები, არც რაღაც დავებში შესვლა შესაბამის ინსტიტუციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ და თავისით მოგვარდება. საჭიროა ამისთვის მხოლოდ აიცრას ქვეყნის მოსახლეობის 60%-65%-მა.

სავსებით სწორია, რომ დაახლოებით 15% უკვე კოვიდგადატანილია და მათ უკვე აქვთ იმუნიტეტი. ეს ტოლფასია დაახლოებით ვაქცინაციის და დაემატება ეს 15% იმ 65%-ს და 80% მოსახლეობის იქნება იმუნური ფენა. ისევ ეპიდემიოლოგიური გათვლები და სპეციალისტების მიერ დადებული რეკომენდაციები უჩვენებს, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80% იმუნურია, იქ ეპიდემია და ინფექცია მოსახლეობას საფრთხეს ვერ უქმნის და არ არის საჭიროება არანაირი შეზღუდვების იმიტომ, რომ მართალია იმ 20%-ში ვიღაც გახდება ავად, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა და ამას კლინიკური სექტორი ისე გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები