29 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
თავისუფლების სანაცვლოდ გირაო, სამსახურიდან გათავისუფლებით - როგორ გაგრძელდება გარეჯის საქმე

დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გარეჯის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით და 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულები გაათავისუფლა, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ივერი მელაშვილმა პირველი და ვრცელი განმარტება გააკეთა. კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ ისიც და ილიჩოვაც გარეჯის საქმეზე გამართლდებიან.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა ასევე პირველად ისაუბრა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე. "კურიერი" დაინტერესდა რას გულისხმობდა მელაშვილი მალხაზ მიქელაძესთან საუბრის დროს, როცა აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ეს საუბარი მათ შორის უნდა დარჩენილიყო, - მელაშვილი განმარტავს, რომ ეს კომისიის 2 წევრის სამუშაო ხასიათის საუბარი იყო და რაიმე ინფორმაციის დამალვის მიზანი არ ჰქონია.

გირაოსთან ერთად მოსამართლის გადაწყვეტილებით დღეს პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ივერი მელაშვილს სამსახურებრივი საქმიანობა შეუწყდა და დღეიდან ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის. ბრალდების მხარის ამ მოთხოვნის გაზიარებას მელაშვილის მხრიდან პროტესტი სასამართლო სხდომაზევე მოჰყვა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა ედებათ, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფის მცდელობისკენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

დღის ამბები