დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დაკავებული პირების გირაოს სანაცვლო გათავისუფლებისთვის შუამდგომლობის დაყენების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მათთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება სრულად დაასრულა.
როგორც მიხეილ სადრაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ბრალდების მხარემ უკვე გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი, სადაც ჩანს ბრალდებულის აღიარება:
"მელაშვილისა და ილიჩოვას ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად ამოვწურეთ გამოძიება. დავადგინეთ მოტივი, გავასაჯაროვეთ მტკიცებულებების ნაწილი, სადაც ჩანს ბრალდებულის აღიარება, პირდაპირი აღიარება ჩანს, რომ ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს, საკუთარ პოზიციას, უფრო მეტიც, წინააღმდეგი იყო დოკუმენტზე ხელის მოწერის. მოაწერეს ხელი იმიტომ, რომ არსებობდა შესაბამისი განწყობები და ისეთი გარემოებები, რომელსაც ფართო საზოგადოებისათვის სამსჯავროზე ვერ გამოიტანდნენ. ეს შინაარსი ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში აშკარად არსებობს. გარემოებები იყო და ეს გარემოება იყო დავალება," - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.