ხმაური გორის სამშობიაროში - კლინიკაში მშობიარე 28 წლის ქალის ახლობლები არიან შეკრებილი და კლინიკის პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მათი აზრით, ჩვილი მკვდარი დაიბადა.
ახალგაზრდა ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ორსულობა მთელი 9 თვის მანძილზე ნორმალურად მიმდინარეობდა და მშობიარეს კარგი ანალიზის პასუხები ჰქონდა. ისინი ფიქრობენ, რომ კლინიკაში მშობიარობის დროს ექიმების უყურადღებობა გახდა ტრაგედიის მიზეზი.
მომხდარზე კლინიკა "იავნანა" წერილობით კომენტარს ავრცელებს:
"დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები," - აღნიშნულია განცხადებაში.