დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს წარედგინა. მართალია ტრამპი უკვე წარსულია, თუმცა მომავლად რომ არ იქცეს, დემოკრატები ზომებს არ იშურებენ. მიზანი იმაშია, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოლიტიკაში მოსასვლელი გზები ჩაუკეტონ.
დემოკრატი ლიდერები სენატში პროცედურებისთვის ემზადებიან. არგუმენტების მოსამზადებელი დრო ტრამპს 8 თებერვლამდე აქვს.
ტრამპის იმპიჩმენტისთვის სენატს ხმათა 2/3 სჭირდება - სულ 67 მანდატი. 17 რესპუბლიკელი იმპიჩმენტის იდეას ინაუგურაციამდე ეთანხმებოდა, უცნობია დაეთანხმებიან თუ არა ახლა, რადგან ბევრ მათგანს წასული პრეზიდენტის გადაყენებაზე სენატის რესურსის ხარჯვა არალოგიკურად მიაჩნია.
მართალია ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, თუმცა კაპიტოლიუმზე თავდასხმის რისკები კვლავ ძალაში რჩება. საკითხზე პენტაგონმა ბრიფინგი გამართა, ითქვა, რომ 25 ათასი გვარდიელიდან ქალაქში 5 ათასი მაინც დარჩება - მარტის შუა რიცხვებამდე.
სენატს უახლოეს მომავალში 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია ჰყავს დასამტკიცებელი, ამის შემდეგ კი უკვე თებერვალში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გააგრძელებს, რაც წარმომადგენელთა პალატაში დაიწყო, "ამბოხის წაქეზების" ბრალდებით. ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, ვისაც იმპიჩმენტი ორჯერ შეეხო.