29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იძლევა საშუალებას, რომ ირაკლი კობახიძემ დღის წესრიგში დააყენოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები - ნიკოლოზ სამხარაძე

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში დღეს იმ ფაქტის მნიშვნელობაზე საუბრობდა, რომ ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორედ აირჩიეს.

როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იძლევა საშუალებას, რომ მან დღის წესრიგში დააყენოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

"საქართველოს უფრო მეტად შეეძლება საკუთარი ინტერესების გატარება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმიტომ, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მან დღის წესრიგში დააყენოს ისეთი საკითხები, მათ შორის, დეოკუპაციის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და იქ არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა ადამიანების უფლებებს დაცვის კუთხით,"-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს ცხადყოფს საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში.

"საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აკისრია, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის უკვე მეორედ არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. ეს არის აღიარება იმ შედეგებისა, რომელიც საქართველოს აქვს.

მეორეს მხრივ, ისევე, როგორც ბატონი ირაკლისთვის, ასევე მთელი დელეგაციისთვის არის შესაძლებლობა, რომ იმ საკითხებზე, რომელიც არის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოსთვის, კიდევ უფრო მეტი აქტუალიზაცია მოხდეს და წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები