29 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ის, რომ გამყრელიძისთვის მნიშვნელობა არ აქვს დაკეტილი იქნება სფერო თუ ღია, არასწორი მიდგომაა - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელ შოთა ბურჯანაძის თქმით, ამირან გამყრელიძე  არსებულ სიტუაციას არასწორი დამოკიდებულებით უდგება და არ არის მომხრე, რეგულაციების დაცვით, ბიზნესი ეტაპობრივად ამოქმედდეს.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ჩაკეტვა მარტივია, თუმცა ის მძიმე პრობლემებს უქმნის ადამიანებს.

"ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, ეს არის ჩაკეტვა. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით ჩვენ სიტუაციას, გვქონდა კარგი დასაწყისი ეპიდემიასთან დაკავშირებით, შედეგის დონეზე და ამ შედეგიდან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდა ამ ვითარებას, ვგულისხმობ ეპიდემიოლოგებს, საზოგადოებამ გმირებად და სამ მუშკეტერებად შერაცხა, მაგრამ როდესაც სიტუაცია გართულდა და ვერ გააკონტროლეს, შემდეგ პრობლემა საზოგადოებაზე გადავიდა და დღესდღეობით, ყველაზე მარტივი გამოსავალი სიტუაციის კონტროლისთვის არის ჩაკეტვა.

ჩაკეტვას არ სჭირდება არანაირი ცოდნა, განათლება, ეს მარტივი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაბრაზება ზუსტად ის არის, რომ ჩვენ მივედით წინადადებით, ის სფეროები, რომლებიც ჩაკეტილი არის, ეტაპობრივად, რეგულაციების დონეზე ვამუშაოთ...

შეხვედრაზე მხოლოდ ერთი ეპიდემილოგი ამირან გამყრელიძე იყო. მე უბრალოდ იმ სიტყვებს, რაც მან ბრძანა, საზოგადოებას არ ვაკადრებ, თუ როგორი მიდგომა აქვს მას არსებულ სიტუაციასთან. საწუხარო ფაქტს ველოდებით. საბჭოთა დროინდელი მენტალობის ადამიანები, როდესაც აზროვნებენ, რომ ყველა ადამიანმა თავის თავს თვითონ მიხედოს და ამ შემთხვევაში, სახელწიფოს ზრუნვა ზედმეტია, რადგანაც სიტუაცია პრობლემურია. მე ვერც ერთ ანალოგს ვერ ვპოულობ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებაზე არ ფიქრობს სახელმწიფო," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე, რომელსაც გამყრელიძე ესწრებოდა, მათ შესთავაზეს ეტაპობრივად, არსებულ სიტუაციაში, რეგულაციების დაცვით შესაძლებელი იქნეს გახსნა. რაზეც ამირან გამყრელიძისგან პასუხი მიიღეს, რომ ვერ შეძლებდნენ.

"რატომ არ შეიძლება რეგულაციების დაცვით რესტორნებთან ურთიერთობა. კითხვებზე პასუხს ჩვენ ვერ ვღებულობთ. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ის კონტაქტი სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან გვქონდა, დღეს ადვოკატებად გამოდიოდნენ ეს ადამიანები, მინისტრები ბატონი გამყრელიძის. ამ დროს, გამყრელიძე უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც რეალურად აგვიხსნიდა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ პანდემიაა, ეს არ არის პასუხი. პანდემია რომ არის ყველას გათავისებული გვაქვს, მაგრამ ამ სიტუაციაში, როგორ უნდა ვიცხოვროთ, პანდემიასთან ერთად, ამ კითხვას სვამს საზოგადოება და ამას უნდა გაეცეს პასუხი. ის ფაქტი, რომ დღეს ბატონი ამირანისთვის დაკეტილი იქნება ეს სფერო თუ ღია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის არასწორი მიდგომა," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

დღის ამბები