29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
როგორც კი ყველაფერს ერთდროულად გავხსნით, ერთ თვეში მივიღებთ იგივე ვითარებას, საიდანაც წამოვედით - მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ დაწესებული რეგულაციების ერთ დღეში მოხსნა ეპიდვითარების გაუარესებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. 

როგორც პირველი ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. 

"როგორც კი ჩვენ ყველგან ყველაფერს ერთდროულად გავხსნით, ერთ თვეში მივიღებთ იგივე ვითარებას, საიდანაც წამოვედით. რას ვახვედრებთ? ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს, რომელიც დღეს რეგულაციების თავისივე ბიზნესპროცესში ინტეგრაციის გათვალისწინებით უფრო მზადაა შეხვდეს უცხოეთიდან ტურისტს, ვახვედრებთ ჯერ პირველ ეტაპზე გარე სივრცეში მოქმედ სავაჭრო ქსელს და ასევე შეგახსენებთ, რომ სასტუმროები ჩვენ დაკეტილი არ გვქონდა არსად, გარდა კურორტებისა," - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით კი, ყოველი კვირის ბოლოს, რეგიონების მიხედვით შეჯამდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

"ძალიან გასაჭირში არიან, იმიტომ, რომ სეზონი იკარგება პრაქტიკულად და ვერ მასპინძლობენ სრულფასოვნად სტუმრებს. მაგრამ ესეც ხომ გასაგებია, რომ ეს არ არის ჩვენი ნება-სურვილი მათი დაკეტვა და არ გახსნა უახლოეს პერიოდში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხსნით, რომ მთავარი არის კრიტერიუმი, ეს არის დადებითობის მაჩვენებელი. ყოველი კვირის თავზე მოხდება მონიტორინგი ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა იყო ამა თუ იმ რეგიონში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად, დავამატოთ სხვა დარგებიც გახსნას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები