29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
41% შემაშფოთებელი მაჩვენებელია, ძალიან ბევრი ადამიანი ორჭოფობს აიცრას თუ არა - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მომხრეთა მაჩვენებელი, რომელიც დღეს NDI-მ გამოაქვეყნა, შემაშფოთებელია. როგორც ზაზა წერეთელმა "დღის კურიერში" აღნიშნა, სახელმწიფოს უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს საინფორმაციო კამპანია, რომ მოსახლეობაში უფრო მეტი ინფორმაცია შეიტანოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

"41 %, რომელიც აჩვენა NDI-ის კვლევამ, მართლაც დაბალი შედეგი არის, იმიტომ, რომ ხშირად გვისაუბრია, მათ შორის თქვენს გადაცემაშიც, რომ მოცვა უნდა იყოს დიდი, დაახლოებით 80 % მაინც, რომ ვიფიქროთ იმაზე, სიტუაცია გაუმჯობესდება და პანდემიას გავუმკლავდებით და ეს 41% მართლაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. თუ დავაკვირდებით, ძალიან ბევრი ადამიანი ორჭოფობს და ვერ მიუღია გადაწყვეტილება, აიცრას თუ არა.

კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს უკვე დაწყებული ჰქონდეს საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობაში უფრო მეტი ინფორმაცია შეიტანოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. უფრო მეტი ინფორმაცია შეიტანოს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ ვაქცინაციის ჩატარება, რომ ეს ციფრები გავზარდოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მუდმივად შეზღუდვების რეჟიმში ვიყოთ საქართველო და ამას იმდენი უკმაყოფილება აქვს, ხალხი დაიღალა, როგორმე ეს სიტუაცია რომ გამოსწორდეს, საჭირო იქნება ამ ციფრების რადიკალურად შეცვლა,"- განაცხადა "დღის კურიერში" ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველმა ზაზა წერეთელმა.

ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყანაში ვაქცინაცია იქნება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები მისაღებია. 

"ცხადია, ხალხი დაიღალა საქართველოშიც და მსოფლიოშიც, მაგრამ ეს ხალხი, რომელსაც აცრაც არ უნდა და ჩვენ არ ვიცით ვაქცინა როდის შემოვა, იმისთვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, საჭირო იქნება დავიცვათ შეზღუდვები. სწორედ შეზღუდვები ამცირებს ინფექციის შემთხვევების რაოდენობას და თუ დააკვირდებით ბოლო დღეების მონაცემებს, ეს მონაცემები კლებულობს და ეს კარგი მაჩვენებელია. მაჩვენებელი იმისი, რომ შეზღუდვები, რომლებიც იყო და ფუნქციონირებს, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ხალხმა უნდა აწონ-დაწონოს, რა გვინდა, წლების განმავლობაში იყოს ქვეყანა ჩაკეტილი და წლების განმავლობაში ვიცხოვროთ შეზღუდვებში, თუ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ისეთი, რომ ცოტა ხანს გავიჭირვოთ და შემდგომ, წლის ბოლოს მაინც დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. მესმის ხალხის, რომ ძალიან უჭირთ, უკმაყოფილოები არიან, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ მომენტისათვის არ არის. სახელმწიფომაც უნდა გადადგას რაღაც ნაბიჯები, მიეხმაროს თუნდაც ეკონომიურად,"- აცხადებს ზაზა წერეთელი.

დღის ამბები