29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
კარგია 41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ პირველ ეტაპზე კარგი იქნება, თუკი მოსახლეობის 41% აიცრება. მინისტრის მოადგილე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ იმ ადამიანებთან, ვინც ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს, კომუნიკაციასა და ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება. 

"კარგია 41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე. ესეც დიდი მიღწევაა და ჩვენ დავიწყებთ აცრას იმ 41%-ით, რომელიც უკვე დადებითად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, აქვს ნდობა და სჯერა, რომ მისი სარგებელი იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამასთან ერთად, ის ადამიანები, ვინც ჯერჯერობით, სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს, ან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათთან მუშაობა გაგრძელდება კონკრეტულ ვაქცინებთან მიმართებაში, რადგან აქ მნიშვნელოვანია რისკის სწორად შეფასება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე იმ სამიზნე ჯგუფებზე საუბრობს, რომლებიც პირველ რიგში ვაქცინაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, ასეთი ჯგუფები პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ადამიანები არიან.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა გათვალისწინებული.

"ეროვნული გეგმის თანახმად, პირველი სამიზნე ჯგუფი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია, ეს არის ჯანდაცვის სფეროს მუშაკები. იქაც რისკის დონე განსხვავებულია, რეანიმაციაში თუ მუშაობს ექიმი, ექთანი, სანიტარი, რა თქმა უნდა, მას მეტი რისკის მაჩვენებელი აქვს და მათთვის აცრის შეთავაზება მოხდება პირველივე ეტაპზე, როგორც კი ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. ამის შემდეგ უკვე სხვა მუშაკები, ვინც ჯანდაცვის სექტორში არიან და მათაც რისკი აქვთ მაღალი.

შემდეგი ჯგუფი არის გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, მათი თანამშრომლების და უკვე ამის შემდეგ იწყება ასაკობრივი ჯგუფების მოცვა. 75 წლის ზემოთ, შემდეგ 65-დან 74 წლამდე და მოვყვებით ასე ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით.

ასევე, მნიშვნელოვანია სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი თანამშრომლების მოცვა, აქ შედის ჯარი, პოლიცია, ის სერვისები, რომელთა გარეშეც უბრალოდ ქვეყანა ვერ შეძლებს ნორმალურ, ოპტიმალურ ფუნქციონირებას. ეს დეტალურად არის გათვალისწინებული და ჯამურად, ასეთი მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი შეადგენს 860 000 მოქალაქეს.  გარდა ამისა, შემდეგ როდესაც გადავალთ სხვა ჯგუფებზე, ამას ასევე ემატება კიდევ დამატებით 860 000 ადამიანი, რაც ჯამურად ქმნის მილიონ 700 ათას მოზრდილ მოსახლეს და გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე 60%, ანუ მილიონ 700 ათასი მოზრდილი მოქალაქის მოცვა არის გათვალისწინებული," -  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

დღის ამბები