29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ჩუბინაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

გამოასახლებენ თუ არა ჩუბინაშვილის ქუჩიდან დევნილ და სოციალურად დაუცველ 15 ოჯახს. ის მოქალაქეები, რომელთაც მერიამ დღეს გაფრთხილება მისცა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელს შეხვდნენ.

მთავარი მოთხოვნა ალტერნატიული ფართებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შენობის დატოვებაზე უარს ამბობენ.

"გამგეობამ შემომთავაზა იგივე, 15 ათასი ლარი, რომ ქირით გავიდეთ და მე წინააღმდეგი ვარ. მე მინდა თავშესაფერი, ერთოთახიანი მაინც მომცენ, რომ თავზე ჭერი მქონდეს,"- განმარტავს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი.

"ეს დამოკიდებულია ბიზნესპარტნიორზე, რომელმაც უნდა გაიღოს თანხები. პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ დევნილები, ჩვენ, როგორც სოციალურად დაუცველი ხალხი, უნდა ველოდოთ. ქირით და გირაოთი არც მე და არც ჩემი შვილები არ გავალთ. 6 სულიანმა ოჯახმა იყიდოს 4 ოთახიანი, ან 3 ოთახიანი ბინა, იმ თანხას ვითხოვ,"- აღნიშნავს სოციალურად დაუცველი მარინე ცოფურაშვილი.

გამგეობა ოჯახებს სოციალური პროგრამით სარგებლობას სთავაზობს. 

"არცერთ ადამიანს არ ვტოვებთ ღია ცის ქვეშ, ვისაც ესაჭიროება, რომ ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩავრთოთ, აუცილებლად ჩავრთავთ. იქ არის ოჯახები, რომლებსაც თავის დროზე ფინანსური დახმარება, კომპენსაცია გაეწიათ. სამწუხაროდ ეს ოჯახები მობრუნებულები არიან და შეჭრილები არიან. ყველას, ვისაც ეს საჭიროება აქვს, დაკმაყოფილდება იმ პროგრამით, რომელსაც ქირით უზრუნველყოფის პროგრამა ჰქვია და ის შეჭრილები, რომელსაც არასდროს არ მიუღია არც საცხოვრებელი ფართები და არც კომპენსაციები, მზად არის კომპანია, რომლის ფართშიც არიან შეჭრილები, გარკვეული სახის კომპენსაცია გაუწიოს,"- აცხადებს თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე.

დღის ამბები