29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან - ირაკლი ხმალაძე გამგებლის მოადგილის დაკავებაზე

გამოძიება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს ტენდერების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, პირადი ინტერესების საფუძველზე, ლადო გოგსაძე ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიაზე ზეწოლას ცდილობდა.

მას სურდა 126  ათას ლარიან ტენდერში მისთვის სასურველ შპს-ს მოეგო და ამის გამო მის კონკურენტს ემუქრებოდა. მუქარის მიუხედავად კომპანიამ ამ ტენდერში მაინც გაიმარჯვა, თუმცა, როგორც ბრალდება ამბობს, სახელმწიფო მოხელემ გამარჯვებულს პრობლემები შეუქმნა.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ყველა ქმედებაზე იქნება რეაგირება, რომელიც მოიაზრება კანონდარღვევად ან უფლებამოსილების გადამეტებად.

"ერთხელ და ორჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ და ბატონი კახაც მოუწოდებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ და ძალიან ცუდია, რომ დღემდე მაინც ხდება საფუძველი ასეთი სამართლებრივი პროცედურების გატარების კუთხით.

მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. ყველა ასეთი ქმედება, რომელიც განიმარტება კანონის დარღვევად და გადამეტებად უფლებამოსილების, გამოიწვევს შესაბამის პასუხისგებას კანონით დადგენილი წესით,"- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე კი აცხადებს, რომ თუ ვინმე კანონს არღვევს, ვალდებულია პასუხი აგოს კანონის წინაშე.

"ჩვენ ყველა ინსტიტუცია ვმუშაობთ ურთიერთკოორდინაციაში, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების სიტყვა. მე გავიგე დღეს, ისევე, როგორც თქვენ. თუ ვინმე არის დაკავებული მსგავსი საკითხებით, რასაკვირველია ყველა პასუხისმგებელია კანონის წინაშე,"- აღნიშნა გამგებელმა.

დღის ამბები