29 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ცდილობს საკუთარი პოზიციით გვარებს შორის არსებული დაძაბულობა განმუხტოს

პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ცდილობს, საკუთარი პოზიციით გვარებს შორის არსებული დაძაბულობა განმუხტოს.

ამ შინაარსის განცხადებები ხიზირ გაურგაშვილმა დღეს თელავის სასამართლოში გააკეთა, სადაც მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ პროკურორების პოზიცია სრულად გაითვალისწინა.

დღესვე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდების საქმეში არსებული მასალები, როგორც უშუალოდ მკვლელობამდე მომხდარ უთანხმოებას, ასევე მეზობლებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტსაც ეხება.

გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის რომ წარსულში უთანხმოება არსებობდა, ამას ადვოკატიც ადასტურებს.

რაც შეეხება პატიმრობასთან დაკავშირებულ პოზიციას, დღევანდელი სასამართლო პროცესი ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისი იყო. ადვოკატს არც გათავისუფლება და არც გირაო არ მოუთხოვია.

ეს მან იმ საფრთხით ახსნა, რაც ბრალდებულ გაურგაშვილს ქისტური ტრადიციებიდან გამომდინარე შესაძლოა გათავისუფლების შემთხვევაში დაემუქროს. 

საზოგადოება გარდაცვლილის ნათესავების საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, რითაც უნდა გაირკვეს იქნება თუ არა მოსალოდნელი სისხლის აღება.

გვარებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, გაურგაშვილების ახლობლები და ქავთარაშვილები მკვლელობის შემდეგ ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. მხარეების პოზიციებიდან ჩანს, რომ უმეტესობა მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასრულებას ემხრობა.

დღის ამბები