29 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ერთი დაკავებული და ორი მუხლით დაწყებული გამოძიება - დეპუტატზე განხორციელებულ ძალადობას, რა დროსაც მას ურნით ნაგავი დააყარეს, პოლიტიკოსები ემიჯნებიან

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 

დღესვე გამოკითხვაზე იმყოფებოდა ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც ინციდენტის შეფასებისას ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი უფრო ქვეყანას დააზარალებს, ვიდრე პირადად მას.

ინციდენტი ბათუმში მაშინ მოხდა, როცა ირაკლი ჩავლეიშვილი იმ საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ჩავლეიშვილს "ალტერნატივას" წევრები შეძახილებით შეხვდნენ და შემდეგ ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარეს.

ოპოზიციისა დ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამ ქმედებას გაემიჯნა. "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ ჩავლეიშვილმა შესაბამისი პასუხი მიიღო, რადგან მან ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.  

ბათუმური ინციდენტი კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ მმართველ პარტიაშიც.

მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალადობის წახალისებას არ მიესალმება.

23 იანვარს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვა მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

დღის ამბები