29 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ჩვენ შევპირდით ჩავლეიშვილს, რომ ის აუცილებლად მიიღებდა ნაგვის ურნას - ხათუნა ბერიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიმსახურა ის შეურაცხყოფა, რომელიც მას ამ ორგანიზაციის წევრებმა გუშინ მიაყენეს. 

მისივე შეფასებით, ეს საქციელი მოსაწონიც არის იმ გადმოსახედიდან, როდესაც არჩევნებს აყალბებენ. 

"ჩვენ შევპირდით ჩავლეიშვილს, რომ ის აუცილებლად მიიღებდა ნაგვის ურნას, როცა გავიგეთ, რომ აპირებდა შესვლას უმაღლეს საბჭოში. ეს განცხადება გავაკეთე სამი თვით ადრე. სიტყვას არ გავტეხდი და ბოლოს მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ეს გასამიჯნი კი არა, მოსაწონიც არის იმ გადმოსახედიდან, როცა არჩევნებს გვიყალბებენ თვალწინ და ასე გვატყუებს მოსახლეობას და ჩავლეიშვილი დღეს ურცხვად დადის ქუჩაში,"- აცხადებს ხათუნა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობას აპროტესტებდა, ამავე აქციაზე იყო ირაკლი ჩავლეიშვილიც. დღეს ამ არასამთავრობოების ნაწილი "ალტერნატივას" წევრის ქმედებას გაემიჯნა.

საქმეზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას და დევნას გულისხმობს.

დღის ამბები