29 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და ამას როგორმე გადავიტან - ირაკლი ჩავლეიშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი პოლიციაში გამოიკითხა. "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა წევრმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიების კითხვებს უპასუხა. სავარაუდოდ, მას დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ.

ირაკლი ჩავლეიშვილმა მომხდარი ნაკლებ განათლებას და აღზრდას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ქვეყნისთვის საზიანოა. 

"მე იმ ახალგაზრდების საქციელს ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ ნაკლები განათლება, ნაკლები აღზრდაა ოჯახში, სამწუხაროდ. ეს არის წაქეზება იმ ადამიანებისგან, რომელთაც დღესაც მოსწონთ მათი საქციელი.

ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და ამას როგორმე გადავიტან. ვფიქრობ, ქვეყნისთვის არის საზიანო, არ შეიძლება ასეთი ქმედებები, ეს ანგრევს როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციას, ასევე უცხოელების თვალში, საზოგადოების თვალში, ატრიალებენ ამ კადრებს, ბავშვები ხედავენ.

მე, მართალი გითხრათ, ვუძლებ და როდესაც პოლიტიკაში ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს და კიდევაც ვითმენ ამას იმ იმედით, რომ უკეთესი საქართველო გვექნება ხვალ,"- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობას აპროტესტებდა, ამავე აქციაზე იყო ირაკლი ჩავლეიშვილიც. დღეს ამ არასამთავრობოების ნაწილი "ალტერნატივას" წევრის ქმედებას გაემიჯნა.

საქმეზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას და დევნას გულისხმობს.

დღის ამბები