29 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
რატომ ვერ შეძლო გიგი უგულავამ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი, რის გამოც გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

შსს ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე გიგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა აღარ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.

"შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. "ფონდების" საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.

პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები