მკვლელობა კახეთში - დანით მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად 28 წლის დიანა ფარსადანოვი ადგილზევე გარდაიცვალა, სავარაუდო მკვლელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა. დაკავებულმა სასიკვდილოდ მხოლოდ ახალგაზრდა ქალი არ გაიმეტა, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის გულ-მკერდის არეში, 40 წლის ხვიჩა ერგემლიძესაც მიაყენა.
მძიმე დანაშაული თელავში, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობასა და დაჭრას წინ უძღოდა კამათი, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი თავდაპირველად ხვიჩა ერგემლიძესა და დაკავებულ ჯარჯი არაბულს შორის მოხდა. მამაკაცების გაშველებას კი მოკლული ქალი შეეცადა, რა დროსაც მკვლელმა დანა მასაც არა ერთხელ მოუქნია. მკვლელობის მიზეზი, ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება გახდა. დანაშაული სოფელ კისისხევში გვიან ღამით მოხდა, შესაბამისად მომხდარს თვითმხილველი თითქმის არ ჰყავს.
დაჭრილი ხვიჩა ერგემლიძე ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.