29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
შერიგდებიან თუ არა ქავთარაშვილები და გაურგაშვილები - 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

მესამე დღეა პანკისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, 46 წლის ხიზირ გაურგაშვილს ეძებენ. 

პანკისში ამ დრომდე მობილიზებულია სამართალდამცველთა განსაკუთრებული რაოდენობა. როგორც ხეობის მასშტაბით, ასევე, მის მიმდებარედ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ოჯახის წევრებს არ აქვთ კონკრეტული ვერსიები, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, "კურიერის" ინფორმაციით, მეზობლებს შორის დავა ყოფით საკითხზე მოხდა, რის შემდეგაც დავა სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

გაგრძელდება თუ არა გვარებს შორის კონფლიქტი და მოხდება თუ არა ქისტური წესით სისხლის აღება, ამასთან დაკავშირებით, 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის ოჯახის წევრები და გვარის წარმომადგენლები უნდა შეიკრიბონ.

"ჯერ არავინ არაფერი ვიცით, როგორ და რატომ მოხდა. შეიკრიბება გვარიც, ოჯახის წევრებიც, როგორც ოჯახი იტყვის, ისე იქნება. გვარის შეკრება იქნება და მოვილაპარაკებთ. მგონია, მშვიდობიანად გადაწყდება ყველაფერი. ვინც დანაშაული ჩაიდინა, იმას მოსთხოვენ პასუხს, წესი ასეთია,"- აცხადებს იბრაჰიმ ქავთარაშვილის ნათესავი ალი ქავთარაშვილი.

ხიზირ გაურგაშვილის მამიდის, ლამარა მარგოშვილის თქმით, ის მოკლულის ოჯახთან იყო მისული სათხოვნელად, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. 

"ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს დანაშაულს, ვიღებთ ყველაფერს ჩვენს თავზე, იმიტომაც ვიყავი იქ მისული, ვთხოვდი ყველას, რომ ეს კარგად დამთავრებულიყო, არ ვიცი, რა მოხდება,"- აცხადებს ის.

გაგრძელდება თუ არა გვარებს შორის კონფლიქტი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ არსებობს. 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის ოჯახის წევრებისა და გვარის წარმომადგენლების შეკრების შემდეგ პროცესში უხუცესთა საბჭოს წევრები ჩაერთვებიან.

"კურიერთან" საუბრისას ისინი ამბობენ, რომ გვარებს შორის დაპირისპირება არ უნდა მოხდეს და მოლაპარაკება მშვიდობიანი გზით უნდა დასრულდეს.

"გვარი შეიკრიბება და ალბათ თვითონ გადაწყვეტენ, ალბათ უცხო არც ჩაერევა და მერე თანდათან, ღმერთმა ქნას, მშვიდობისკენ წავიდეს. გამოძიებას ელოდებიან, ჯერ დაკავებულიც არაა ბრალდებული. ვნახოთ, მანამდე ისინი გადაწყვეტენ რაღაცას. ყველას სურვილია, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს მოლაპარაკება. გვარი გვარს რომ არ გადაემტეროს, ეს ასეც უნდა დასრულდეს,"- აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ჯარაფ ხანგოშვილი. 

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთი წევრის, თამაზ ბაღაკაშვილის განცხადებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი დავები გვარების შერიგებით დასრულებულა. 

"არის შემთხვევები, რომ მომხდარა შერიგება. ალბათ ხალხის აზრს, ხეობის აზრს გაითვალისწინებენ და უფრო დააფასებს ხალხის მოწადინებას, რომ ეს სისხლისღვრა არ გაგრძელდეს. მოლაპარაკებისკენ და შერიგებისკენ უნდა წავიდეს სიტუაცია,"-განაცხადა თამაზ ბაღაკაშვილმა. 

ქისტური წესის მიხედვით, მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი გუშინვე დაკრძალეს.

დღის ამბები