29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
სწორი ცხოვრებით, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს დამაშანტაჟებს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, აშანტაჟებენ თუ არა მას, უპასუხა, რომ არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.

"ამ სისულელეებზე და აბსურდზე საუბარი რომ მიწევს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რას ნიშნავს მაშანტაჟებენ? რა ლაპარაკია, ან რა დამოკიდებულებაა საერთოდ. ვინმეს ჩემი შანტაჟის საშუალება რომ ჰქონოდა, აქამდე არ დამაშანტაჟებდნენ? - სწორი ცხოვრებით მიცხოვრია, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაშანტაჟებს. 

მით უმეტეს ის ადამიანები, არაერთხელ გაიყო ჩვენი გზები და თუ რამე უნდოდათ აქამდე ბერჯერ გამოიყენებდნენ. ​ყველა ოპოზიციურ პარტიას ვეუბნებით, რომ ზედმეტი არაფერი გამოთქვან თავიანთ პოზიციებთან დაკავშირებით.

რა დამოკიდებულებაა, ან რა წესია ეს ყველაფერი საერთოდ. აქ საკითხია ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.  მე ვერანაირ ინდიკაციას დღეს ვერ ვხედავ, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივები. 

ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას საერთოდ არ ვაპირებდი. არ მისაუბრია არც ელისაშვილთან და არც იოსელიანთან. ერთადერთი, ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, ისევე როგორც დეკემბერში მომწერა, რაღაც იდეა მაქვს და გამოდიო. აქ კიდევ დამხვდა იდეა, რომ რაღაც დიდ შეხვედრას ვაპირებთ და რაღაც უნდა გადაწყდეს ამ შეხვედრაზეო, ვერ გადაწყდება ასე ვერაფერი, თუ რამე გადაწყდება, უნდა გადაწყდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები