29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს - ალეკო ელისაშვილი

ვინ აშანტაჟებს ოპოზიციას - ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერზე, შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება.

"მოქალაქეების" დამფუძნებელმა ეს ინფორმაცია გააავრცელა მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძისგან მიიღო ოფიციალური უარი შიდა კონსულტაციებში მონაწილეობაზე.

ელისაშვილის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელს" რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია, დღეს კი უარი "გირჩისა" და "მოქალაქეებისთვის" იყო მოულოდნელი.

ელისაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართ შესაძლოა, შანტაჟს ჰქონდეს ადგილი.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ძალიან კმაყოფილი და მონდომებული ასეთი შეხვედრა გამართულიყო. ეს ვიცოდით ორი დღით ადრე, მე ვამბობ ახლა ვახო მეგრელიშვილის სიტყვებს.  ძალიან დიდი კმაყოფილება გამოთქვა გიორგი ვაშაძემ.

ამ ორ დღეში რა მოხდა მის თავს, არ ვიცი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს, ამ შანტაჟს ეწევიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, არ ვიცი მე იაგოს სიტყვებს ვიმეორებ. შესაძლოა, იყოს შანტაჟი, მათ შორის, მოყვნენ ყოფილი თანაგუნდელები ვაშაძე და სხვები, ეს ნამდვილად არ ვიცი,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მან არ იცის აქვთ თუ არა ვაშაძეზე კომპრომატები. მისი თქმით, ეს იყო ვარაუდი.

იაგო ხვიჩიას თქმით, რომ სცოდნოდა ზუსტად აშანტაჟებდნენ გიორგი ვაშაძეს, ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა.

"ქართული ოცნების" ნარატივი არის ის, რომ ოპოზიცია იმიტომ არ შედის პარლამენტშიო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მათ მიმართ აქვთ კომპრომატებიო, ეს არის ქოცური ნარატივითქო და გულის ტკივილი გამოვთქვი იმაზე, რომ გიორგი ვაშაძის ეს ნაუცბათარი პოზიცია, შესაძლოა, იყოს აი ამ ჭორების, ქოცების მიერ გაძლიერების საშუალება. 

მე საიდან უნდა ვიცოდე ვის რა კომპრომატი აქვს? მე რო ვიცოდე, რომ ვაშაძეს აშანტაჟებენ, სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავდი,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები