29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ოპოზიცია შიდა მოლაპარაკებების სტრატეგიას ცვლის - პარტიებს შორის ურთიერთობა საპარლამენტო მანდატების მფლობელების დონეზე გადადის

ოპოზიცია შიდა მოლაპარაკებების სტრატეგიას ცვლის - ახლად დაწყებულ კონსულტაციებში მონაწილეები იცვლებიან და პარტიებს შორის ურთიერთობა საპარლამენტო მანდატების მფლობელების დონეზე გადადის. შეხვედრების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებაში ჩართული გარკვეული პარტიების კონკრეტულ წევრებს პროცესის წარმატებით დასრულების ინტერესი არ აქვთ. "გირჩიც" და "მოქალაქეებიც" საერთო პოზიციაზე შეთანხმების რესურსს უშუალოდ სიით გასულ კოლეგებთან შეხვედრაში ხედავენ.

"ევროპული საქართველოს" სიით გასული დეპუტატები ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და ინდივიდუალურ შეხვედრებს სეპარატისტულად აღიქვამენ. პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციების წინააღმდეგი არ არიან და ამტკიცებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთ.

ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებს და ახალ ინიციატივას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თვითმმართველობის არჩევნების შედეგმა განსაზღვროს, სკეპტიკურად უყურებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

მმართველი გუნდი ოპოზიციის გარკვეული ნაწილიდან კოლეგების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. "ქართული ოცნება" ოპონენტებს კვლავ პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებად ყოფს.

შიდა კონსულტაციები ოპოზიციაში რამდენიმე დღეში "სტრატეგია აღმაშენებელთან" შეხვედრით განახლდება. "გირჩისა" და "მოქალაქეების" შემდეგი მასპინძელი კი პარტია "ლელო" იქნება.

დღის ამბები