29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
მიხეილ რამიშვილმა ირაკლი შოთაძის სახელზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გენერალურ პროკურორს მიმართავს. განცხადება ირაკლი შოთაძის სახელზე უკვე საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა. დაზარალებული მხარე არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას და არასწორად მიაჩნია საქმის დახურვა.

განცხადებასთან ერთად საგამოძიებო უწყებას წარედგინა ე.წ. სქრინი თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერის, რომლის ადრესატიც გარდაცვლილის მეგობარია. ამ გზავნილში პროგრამისტი ამბობს, რომ პრობლემები აქვს. 

"ორივე დადგენილება გასაჩივრდა. ამავდროულად, ამ საჩივარს დაერთო თან სქრინი. ეს მიუთითებს იმას, რომ საქმე არაობიექტურად იქნა გამოძიებული. ამ სქრინით დასტურდება, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი, ეს არის ყველაფერი ფარსი, ეს არის ყველაფერი ტყუილი. პირდაპირ ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დიდი საფრთხის ქვეშ იყო და ამ საფრთხის თაობაზე აფრთხილებდა ადამიანს,“ - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა დაზარალებულის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს.

"დაგვიბრუნონ დაზარალებულის სტატუსი, რომ გადმოგვცენ მერე ის მასალები. უნიათოები რომ არიან და ვერაფერს ვერ იძიებენ, ჩვენ გამოვიძიებთ," - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

 

დღის ამბები