29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. ეს არის ბოლო შეხვედრა იქამდე, ვიდრე მმართველი პარტია ყრილობას გამართავს.

ბიძინა ივანიშვილის შემცვლელს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხვალ აირჩევენ, რომელიც, როგორც უკვე საზოგადოებამ იცის, ირაკლი კობახიძე იქნება. აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასაც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობასთან ერთად შემადგენლობის რაოდენობაც გაიზრდება.

"ეს არის ნორმალური პროცესი, როდესაც პოლიტიკური გუნდი პარტიაში გარკვეულ საკითხებზე მსჯელობს, მით უმეტეს იმ ეტაპზე, როდესაც იცით, რომ პარტია არის ახალი გამოწვევის წინაშე და როდესაც ვემზადებით ხვალ პარტიის თავმჯდომარის განახლებული პოლიტიკური საბჭოს არჩევისთვის.

იქნება პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა, შემადგენლობის ფარგლებში რაოდენობაც იზრდება.

პარტიას ეყოლება კომპეტენციის ფარგლებში პირები, თანამდებობის პირები, ვისაც ექნებათ ხელმძღვანელი მიმართულებითი რგოლი და შესაბამისად ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავენ საქმიანობას," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გუნდი არის ერთიანი და არანაირ შიდა დაპირისპირებებს ადგილი არა აქვს.

"ბატონი კობახიძე, რომელიც არის ძალიან მაგარი ბიჭი, გამოცდილი, კომპეტენტური და ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რაც არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის და არ ვიცი მავანს რატომ უნდა, რომ ეს იყოს. პირიქით, დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება იმ გამოწვევებს, რომ ერთიანი იყოს გუნდი. გუნდი არის ერთიანი, ყველა ლიდერი არის ფორმაში, ყველა ლიდერს აქვს თავისი ფუნქცია, ასე რომ ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევებს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აღნიშნავს, პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.

"მესმის, რომ ძალიან დიდი ინტერესი არის ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ ორშაბათს, ეს იყო კანდიდატი თავმჯდომარეობის - ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, წევრთა რაოდენობა გაიზრდება 21-მდე, რაც კიდევ უფრო დიდ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს, იქნებიან როგორც ძველი წევრები, ისე ახალი წევრებიც, ხოლო უშუალოდ გვარებთან დაკავშირებით ხვალ გაიგებთ ამას ყველა ერთად," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები