29 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
96 წლის მამაკაცი რომელსაც ოჯახი ბოსელთან აცხოვრებს - რას უყვება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მოხუცი "კურიერს"

96 წლის ვარდო თათარაშვილზე საკუთარი ნათესავები სისტემატურად, წლების განმავლობაში ძალადობდნენ. თიანეთის რაიონის სოფელ ჯიჯეთის მკვიდრის ცხოვრება გაუსაძლისი მას შემდეგ გახდა, რაც ოჯახმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

მოხუცს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან გააგდეს. უსახლკაროდ დარჩენილმა თავშესაფარი საქონლის სადგომთან არსებულ დამხმარე ნაგებობაში იპოვა. მოხუცი 4 წლის წინ მომხდარს უკვე დღეს "კურიერის" კამერასთან იხსენებს.

ხანში შესულ მამაკაცზე მისმა რძალმა გუშინაც იძალადა. ის ფიზიკურად დაუპირისპირდა მოხუცის ინტერესების დამცველსაც, რომელიც კონფლიქტის უშუალო მოწმე გახდა. ოჯახური კონფლიქტი საკუთარი მობილური ტელეფონით გადაიღო. ინცინდენტის შემდეგ ნანა ფარჩუკიშვილს მოხუცის თბილისში წამოყვანა მოუწია.

ბრალდებებს ბრალდებითვე უპასუხეს 96 წლის მოხუცის ოჯახის წევრებმა. მამაკაცის რძალი ამტკიცებს, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად არის. ოჯახის წევრებმა კონფლიქტის არსებობა დაადასტურეს, თუმცა ცემის შესახებ ფაქტები უარყვეს. მათ ბოლო პერიოდში შექმნილი სიტუაციის ახსნა "კურიერთან" საკუთარი არგუმენტებით სცადეს.

საგამოძიებო უწყებამ საქმის შესწავლა დაიწყო და შემაკავებელი ორდერი მოხუცის რძალს, მარიამ ახალაურს გამოუწერეს. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე ამტკიცებს, რომ მათ სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აქვთ მიღებული. ჩატარებულია ექსპერტიზაც, დაზიანებების რეალური სურათი კი, სამხარაულის ბიუროს დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები