29 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა - ომბუდსმენთან არსებული რელიგიათა საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნისა და ამ ნიადაგზე მუსლიმებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა აღმაშფოთებელია. აქვე წერია, რომ დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა. 

"ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებას გამოვთქვამთ საზოგადოებაში მიმდინარე უახლესი მოვლენების გამო. რელიგიური ნიშნით ადამიანების ან რელიგიური თემის შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია, ასევე დევნის გამოვლინებები შემაშფოთებლად მიება ერთმანეთს. 

ჩვენმა საზოგადოებამ თითქმის მდუმარებითა და კრიტიკის გარეშე მიიღო ანტისემიტური გამოსვლების ტალღა რელიგიური პირების მხრიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც მკაფიოდ დაგმეს ებრაელი ერისკენ მიმართული სიძულვილის რიტორიკა და ქართულ-ებრაული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციაზე ალაპარაკდნენ.

შემაშფოთებელია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნისა და ამ ნიადაგზე მუსლიმებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა. ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა. ჩვენ, რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური ორგანიზაციები მივმართავთ ხელისუფლებას:  სრულად აღკვეთოს სოფელ ბუკნარში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, უპირობოდ უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლება, ჰქონდეს სალოცავი ადგილი, ილოცოს თავის ტაძარსა თუ მეჩეთში, დაიცვას რელიგიური წესები, უზრუნველყოფილი იყოს რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უსაფრთხოება
ქსენოფობიისა და სიძულვილის რიტორიკის პრობლემებთან, ანტისემიტიზმის გამოვლინებებთან მიმართებით იქონიოს ცხადი, არაორაზროვანი, ანტიდისკრიმინაციული და სახელმწიფოებრივი მიდგომა, იზრუნოს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაზე," - ნათქვამია განცხადებაში. 
ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები:
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ქართველ მუსლიმთა კავშირი 
ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია 
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია
ევანგელისტური ეკლესია
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
ხსნის არმია
ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი"
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
მეგობართა საზოგადება - კვაკერები
აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

 

 

 

 

 

დღის ამბები