29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გენერალურ პროკურატურაში ხელმეორედ გამოკითხეს. რისი დაზუსტება სურდა გამოძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, უცნობია.

გიორგი მანჯგალაძეს განმარტება არ გაუკეთებია. ის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიას 2006-2007 წლებში ხელმძღვანელობდა, იმ დროს, როცა სახელმწიფო ბრალდების პოზიციით საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანთან ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

რა გავლენის მოხდენა შეუძლია გიორგი მანჯგალაძის ჩვენებას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეში, ამაზე საუბარი უჭირთ დაკავებულების ადვოკატებს. მათი თქმით, კომისიის ყოფილი თავმჯდომარის პირველი ჩვენება საქმეში ვერაფერს ცვლის.

ისტორიული ძეგლის მნიშვნელობასა და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე გუშინ პირველად ისაუბრა "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენს, რომელმაც დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების საქმეზე რუკები მოიძია, საჯარო მადლობა გადაუხადა.

ბიძინა ივანიშვილის ამ შეფასებაში დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები პოლიტიკურ გზავნილებს კითხულობენ. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ საქმეში ამ დრომდე არ არის პატიმრობაში დატოვების საფუძვლები.

დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ილიჩოვასა და მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა. სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით კი მუშაობა გრძელდება.

დღის ამბები