29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
მოლაპარაკების გადასარჩენად "მოქალაქეები" ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ

მოლაპარაკების გადასარჩენად "მოქალაქეები" ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ.  "მოქალაქეების" ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან საუბარი დაწყებულია, ნაწილთან კი ის საერთოდ არ იგეგმება.

ალეკო ელისაშვილს ეთანხმება "გირჩი", რომელსაც, ელისაშვილის მსგავსად, საპარლამენტო მანდატები ოფიციალურად ჯერ არ გაუუქმებია. პარტიაში ამბობენ, რომ დროა, ოპოზიცია საერთო პოზიციაზე შეჯერდეს. 

მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ჩამოყალიბებულები არიან და წითელი ხაზები არ გადაიკვეთება. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ელისაშვილი ცდილობს, წინასწარ გაამართლოს საკუთარი სამომავლო გადაწყვეტილება, რაც პარლამენტში შესვლას გულისხმობს, პარტიების ნაწილი "მოქალაქეების" ლიდერის შეთავაზებაში ხელისუფლების ხელწერას ხედავს.

თუკი ოპოზიცია ვერ შეთანხმდება, მმართველი გუნდის შეფასებით, ეს გარკვეული პარტიების რევოლუციურ ინტერესებს უფრო ნათლად წარმოაჩენს. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კი უმრავლესობა ნებისმიერი სახის დისკუსიისთვის მზაობას აცხადებს და ამისთვის საჭირო რესურსსაც ხედავს.

ხვალ "მოქალაქეები" უკვე გეგმავენ კონსულტაციების გამართვას "გირჩთან". იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციურ პარტიებთან საერთო ინტერესზე შეჯერება ვერ მოხდება, ინდივიდუალური მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან გადაინაცვლებს.

დღის ამბები