29 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
დაპირისპირება გამოიწვია გარკვეული ჯგუფების მასიურად შედინებამ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებაზე

სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ეხმაურებიან. რელიგიურ სააგენტოში აქცენტს რელიგიურ თავისუფლებაზე აკეთებენ. სააგენტოში საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ, თუ რამ გამოწვია დაპირისპირება ადგილობრივებს შორის.

"სახელმწიფოს მხრიდან არის დეკლარირებული განცხადება, რომ რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და იქნება დაცული. არანაირი პრობლემა, მუსლიმ თემს რომ ვინმემ ხელი შეუშალოს, ლოცვის უფლება აუკრძალოს, გამორიცხულია. ეს კანონმდებლობით არის დადგენილი და მეორე მხრივ, როგორც აქამდე აგრძელებდნენ ლოცვას მუსლიმი თემი, ისე გააგრძელონ მომავალში.

დაპირისპირება გამოიწვია, შეიძლება ითქვას, გარკვეული ჯგუფების მასიურად შედინებამ, რამაც ბუნებრივია, კითხვები გააჩინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 მუსლიმი არის, რომლებიც შედიან სხვადასხვა ინტენსივობით და ლოცულობენ, რაღაც გარკვეული ესკალაცია მოხდა. სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩავიდა," - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ.

ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

მანამდე უშედეგო აღმოჩნდა გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. მათ გუბერნატორის შეთავაზებები არ მოეწონათ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გაემართნენ, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან შეკრებილები.

დღის ამბები