ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბუკნარში დღეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმანურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს. ამის წინააღმდეგი კი სოფლის ქრისტიანი მოსახლეობაა.
აღნიშნულ ნიადაგზე დღეს თანასოფლელებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაშავებული ორი მუსლიმი მამაკაცი, თავის არეში მიყენებული დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კონფლიქტის მონაწილე სხვა პირები. ინციდენტთან დაკავშირებით მედიატორის ფუნქციის შესრულებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს. როგორც მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, მხარეებს შორის დიალოგს ორგანიზებას ხვალიდან გაუწევენ.